სემეკის წევრი გიორგი ფანგანი ავლაბარში თელმიკოს ახალ სერვის ცენტრს ეწვია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ავლაბარში თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მომხმარებელთა მომსახურების ახალ ცენტრში სამუშაო პროცესს გაეცნო. სემეკის წევრის ვიზიტის ფარგლებში მომსახურების ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გიორგი ფანგანი, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, თელმიკოს თანამშრომლებს შეხვდა და მათგან მომხმარებელთა მომართვიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი ფანგანმა აღნიშნა, რომ სემეკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა მიიღოს დროული და ხარისხიანი მომსახურება.
„თელმიკო ახორციელებს თბილისის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ყველა რაიონში ჰქონდეს სერვის ცენტრები, სადაც მომხმარებელი მარტივად მიიღებს მისთვის საჭირო მომსახურებასა თუ კონსულტაციას. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებით გაზრდილია მომხმარებლის როლი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ კომუნალურმა კომპანიებმა ეტაპობრივად გაზარდონ მომსახურების ხარისხი, რაზეც მარეგულირებელი კომისია მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.
„თელმიკოს“ მომხმარებელთა მომსახურების ახალი ცენტრი განთავსებულია მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე, მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარედ და ხელმისაწვდომია სხვა რაიონის მაცხოვრებლებისთვისაც, რაც სერვის ცენტრში მომხმარებელთა ნაკადის მუდმივ ზრდას უწყობს ხელს. მომსახურების ცენტრში მისულ აბონენტს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და კონსულტაცია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
„დღეს, ავლაბარში „თელმიკოს“ მეექვსე მომსახურების ცენტრი გაიხსნა. აქ, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ჩვენს სერვის ცენტრში მომხმარებელს შეუძლია, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული, სრული და ხარისხიანი მომსახურების მიღება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ კლიენტთა მომსახურების ხარისხს და ამასთან ერთად, ვაგრძელებთ ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას“, - განცხადა ელექტროენერგიის რეალიზაციის სამსახურის უფროსმა თეა ნოზაძემ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს „თელმიკოს“ ქოლცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16700 ასევე, Facebook-ში ან ელექტრონულ მისამართზე: info@telmico.ge.