დეპოზიტი: რა არის და რატომ ირიცხება
დეპოზიტი არის საგარანტიო თანხა, რომელსაც მიმწოდებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს არიცხავს და გადასახდელად წარუდგენს. მომხმარებელმა დეპოზიტი დადგენილ ვადაში უნდა გადაიხადოს.
დეპოზიტი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებების შესრულებას. იგი არ შედის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებაში და არ არის ჯარიმა.
დეპოზიტის დარიცხვის შესახებ ინფორმაცია, მისი ოდენობა, დარიცხვის მიზეზი და გადახდის ვადა ქვითარში აისახება. გადახდის შემდეგ შეტანილი თანხა სააბონენტო ბარათზე აღირიცხება.
რა შემთხვევაში ირიცხება დეპოზიტი
ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები დეპოზიტის დარიცხვის ოთხ საფუძველს ითვალისწინებს:
ყველაზე ხშირად შემდეგი ორი შემთხვევა გვხვდება.
გადახდის ვადის სამჯერ ან მეტჯერ დარღვევა
დეპოზიტი ირიცხება არა დავალიანების არსებობის გამო, არამედ ქვითარში მითითებული მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის არაერთგზის დარღვევის გამო.
ორი დარღვევის შემდეგ მომხმარებელს ეგზავნება გაფრთხილება, რომ შემდეგი ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა დეპოზიტი დაერიცხოს. ამიტომ გაფრთხილების მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია მომდევნო ქვითრების დადგენილ ვადაში გადახდა.
დეპოზიტის არსებობა მომხმარებელს მიმდინარე ანგარიშების დროულად გადახდის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულების მიხედვით. როგორც წესი, გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ბოლო 12 თვის დარიცხვები. თუ მომხმარებელი ობიექტით 12 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში სარგებლობს, გაანგარიშება სარგებლობის ფაქტობრივი პერიოდის მიხედვით ხდება.
დეპოზიტის შეტანის შემდეგ მისი ოდენობა 12 თვეში ერთხელ გადაიანგარიშება ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების გათვალისწინებით.
უძრავი ქონებით დროებითი სარგებლობა
დეპოზიტი შეიძლება დაერიცხოს მომხმარებელს, რომელიც უძრავი ქონებით დროებით სარგებლობს, მაგალითად, მოიჯარეს.
უძრავი ქონების დროებითი მფლობელისთვის (მოიჯარისთვის) დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება ობიექტით სარგებლობის პირველი სრული თვის დარიცხვის მიხედვით.
მიწოდების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შესაძლებელია დეპოზიტის ოდენობის გადაანგარიშება ამ პერიოდის ფაქტობრივი საშუალო თვიური მოხმარების საფუძველზე.
შემდგომში დეპოზიტის ოდენობა ყოველი 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ გადაიანგარიშება გასული 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების საშუალო თვიური ღირებულების მიხედვით.
რა ხდება დეპოზიტის გაუქმების შემდეგ
გადახდილი დეპოზიტის თანხა სააბონენტო ბარათზე დადებითი ბალანსის სახით აისახება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად. დავალიანების არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადების საფუძველზე, აღნიშნული თანხა შეიძლება მის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხოს.