თელმიკო მომხმარებლებს ელექტროენერგიის დროული გადახდის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს
ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (თელმიკო), აბონენტებს წარუდგენს დეპოზიტის გადახდის მოთხოვნას. აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის 2020 წლის 13 აგვისტოს N47 დადგენილებით დამტკიცებული, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 24-ე მუხლის საფუძველზე იქნა მიღებული. დადგენილების თანახმად, მომხმარებლს რომელმაც 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მომსახურების საფასური, დაერიცხება დეპოზიტი, რომლის გადახდა, მიმდინარე დავალიანებასთან ერთად, იქნება სავალდებულო.
თელმიკოში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის დროული გადახდა კომპანიის ყველა აბონენტისთვის სტაბილური მიწოდების გარანტიაა. მომხმარებლისგან მიღებულ თანხებს კომპანია იმ მომსახურების დასაფარად მიმართავს, რომელიც ენერგოსისტემის მდგრად და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.
დეპოზიტის შესაძლო დარიცხვის შესახებ მომხმარებელი აუცილებლად წინასწარ იქნება გაფრთხილებული. გადასახადის ვადის დარღვევის ორი შემთხვევის შემდეგ, აბონენტის ტელეფონის ნომერზე, გაფრთხილება სმს შეტყობინებით გამოიგზავნება. იმ შემთხვევაში თუ გამოგზავნილი გაფრთხილების შემდეგ, გადახდის ვადის დარღვევა განმეორდა, მოხდება დეპოზიტის დარიცხვა, რომელიც აბონენტის მიმდინარე დავალიანებაში აისახება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, შემდეგ ნომრებზე: +995 32 5 000 777; 16 700, ან მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონული ფორტის მისამართზე info@telmico.ge