EN

მომხმარებლის უფლებები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ თანახმად განსაზღვრული მომხმარებლის უფლებები:

- მომხმარებელი უფლებამოსილია, შეარჩიოს მიმწოდებელი, დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებით და მიიღოს მიწოდების მომსახურება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

- მომხმარებელს უფლება აქვს, ამ წესებით დადგენილი პირობებით, შეცვალოს მიმწოდებელი. დაუშვებელია, მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელებისას;

- მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დამტკიცების შესახებ სემეკის 29.06.2021წ. #30/4 გადაწყვეტილების ბმული:  https://gnerc.org/files/gadawyvetilebebi/2021/30-4.pdf;

- მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები;

- მომხმარებელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობების მიღებაზე და შეცვალოს მიმწოდებელი;

- მომხმარებელი უფლებამოსილია, მომსახურების ცენტრში მოითხოვოს მიწოდების ხელშეკრულების, მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის, აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში – პრეტენზიის ფორმისა და სხვა სახის განაცხადის ფორმის მატერიალური სახით მიღება;

- მომხმარებელი უფლებამოსილია, მომსახურების ცენტრში მოითხოვოს მიწოდების ხელშეკრულების, მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის, აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში – პრეტენზიის ფორმისა და სხვა სახის განაცხადის ფორმის მატერიალური სახით მიღება;

- მიმწოდებელი, რომელიც ემსახურება საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ან/და მცირე საწარმოს, ვალდებულია, მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით, შექმნას საპრეტენზიო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით მომხმარებლის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;

- მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების დადების დროს მოითხოვოს ქვითრის მიღება მატერიალური, ელექტრონული ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით; აგრეთვე, მიწოდების ხელშეკრულების დადების ან, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, უნივერსალური მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთების შემდგომ, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს ქვითრის მიღება ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახითა და საშუალებით;

- მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ქვითარში მომსახურების საფასურის არასწორად მითითების გამო ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა თავის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით, ან მისი დაბრუნება საბანკო ანგარიშზე. მიმწოდებელი ვალდებულია, ზედმეტად გადახდილი თანხა ასახოს შესწორებულ ქვითარში ან უზრუნველყოს თანხის დაბრუნება მომხმარებლის მოთხოვნიდან ათი დღის ვადაში;

- საყოფაცხოვრებო მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეწყვიტოს მიწოდების ხელშეკრულება, რის თაობაზეც აცნობებს მიმწოდებელს, ან შეიცვალოს მიმწოდებელი ამ წესების V თავით დადგენილი წესით;

- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ქვითარში მითითებული ვადის დაცვით, მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელი გააფრთხილოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, არაუგვიანეს გადახდის ბოლო ვადის მომდევნო დღისა და განუსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს გაფრთხილებიდან 3 დღეზე ნაკლები.