- რა არის დეპოზიტის დარიცხვის მიზეზი, რა შემთხვევაში შეიძლება დაერიცხოს მომხმარებელს დეპოზიტი?
„სემეკის“ №47-ე დადგენილების საფუძველზე, „თელმიკო“ უფლებამოსილია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მოითხოვოს, სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის დარიცხვა, შემდეგ შემთხვევებში:
• უძრავი ქონების ან მისი ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში;
• თუ მომხმარებელმა, 12 თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა ელექტროენერგიის საფასური;
• თუ მომხმარებელს, საფასურის გადაუხდელობისათვის, არ მიეწოდება ელექტროენერგია 5 თვიანი ან უფრო ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში.
- როგორ გამოითვლება დეპოზიტი?
დეპოზიტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელზე ბოლო 12 თვის განმავლობაში დარიცხული მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობას, რომელიც გამოითვლება 12 თვის განმავლობაში დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გაყოფით თვეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც ხორციელდებოდა მოხმარება, ხოლო სხვისი უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში (ქირავნობა, იჯარა), პირველად დასარიცხი დეპოზიტის ოდენობა შეიძლება გამოანგარიშებულ იქნას პირველი თვის მომსახურების ღირებულების შესაბამისად.
- რა ნაბიჯებს დგამს კომპანია დეპოზიტის დარიცხვამდე?
მომხმარებლის მიერ 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, მომსახურების საფასურის გადახდის ვადის ორჯერ დარღვევის შემდეგ, მიმწოდებელი კომპანია (თელმიკო), SMS-ის შეტყობინებით აფრთხილებს მომხმარებელს, აღარ დაარღვიოს საფასურის გადახდის ქვითრით განსაზღვრული ვადა, ვინაიდან მესამე ვადაგადაცილების შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლისათვის დეპოზიტის დარიცხვის შესაძლებლობას.
- სად აისახება დეპოზიტის თანხა და როდის შეძლებს მომხმარებელი მის გამოყენებას?
• დეპოზიტი წარმოადგენს მომხმარებლის მიერ მომსახურების გადახდის საგარანტიო თანხას, რომელიც აისახება აბონენტის ინდივიდუალურ ბარათზე. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი დაარღვევს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების პირობებს, მიმწოდებელი უფლებამოსილია დავალიანებაში გაქვითოს ხსენებული თანხა და შესაბამისი ოდენობით შეამციროს მომხმარებლის დავალიანება;
• თუ სადეპოზიტო ვალდებულება დარიცხულია მომსახურების საფასურის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი 12 თვის განმავლობაში არ დაფიქსირდა გადახდის ვადის დარღვევა, მომხმარებელს ავტომატურად ეხსნება სადეპოზიტო ვალდებულება და თანხა უბრუნდება სააბონენტო ბარათზე, ხოლო განცხადების საფუძველზე შესაძლებელია თანხა დაბრუნდეს მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე;
• მომხმარებელს, რომელსაც დეპოზიტი ერიცხება გადასახადის სამჯერ ვადაგადაცილების გამო ან მომსახურების გადაუხდელობისთვის უწყვეტი 5 თვიანი ან მეტი ხნის განმავლობაში ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, შეუძლია დაფაროს მიმდინარე დავალიანება შემოტანილი დეპოზიტის თანხით იმ პირობით, თუ მომდევნო თვის დავალიანებასთან ერთად, მოხდება დეპოზიტიდან გაქვითული თანხის შევსებაც;
• იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სადეპოზიტო ვალდებულება უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში (ქირავნობის ხელშეკრულება ან სხვა ) დაეკისრა, დეპოზიტზე შეტანილი თანხა ბრუნდება, მხოლოდ აღნიშნული ქონების სარგებლობის დასრულების შემდეგ თუ ამ დროისათვის მას არ ექნება მიმწოდებლის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები.
- როგორ ავირიდოთ დეპოზიტის დარიცხვა გადახდის დაგვიანებისთვის?
ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, ქვითარში მოცემული ვადის ფარგლებში, აგარიდებთ დეპოზიტის დარიცხვას.
მნიშვნელოვანია:
• ყოველთვის გადაამოწმოთ გადახდის ვადა ქვითარში;
• არ გადადოთ გადახდა ვადის ბოლო დღემდე;
• ინტერნეტ ბანკში დააყენოთ ავტომატური გადახდის დავალება.